სიბიგა ბოჭორიშვილს: ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწვერიანების ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში:

„ქართულ მხარეს არ უნდა სწყინდეს სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ მეგობარ ქართველ ხალხს, მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ: თავიანთი ევროპული მისწრაფებები განახორციელონ, მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად. საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, 5 ნოემბერს მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „დასკვნები, რომლებიც გაკეთებულია ევროკომისიის ანგარიშში, სრულიად აცდენილია რეალურ ფაქტებს“. მისი განცხადებით:

„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023  წლებში, ვიდრე ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არაერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას სხვადასხვა ფორმით. ეს ხდებოდა, არ დამალულა, ყველამ ვიცით. უკრაინა არ არის დღეს ევროკავშირის წევრი და, შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რა თქმა უნდა, მას ვერ ექნება რამე დათქმები საქართველოსთან მიმართებით“.