უკრაინის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაიწვია. სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ შეხვედრა გამართა ელჩებსა და კონსულებთან – მისი თქმით, შეხვედრაზე წარადგინა უკრაინული დიპლომატიის პრიორიტეტები, რაც მოიცავს შეიარაღებული ძალების საჭიროებებს.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სამინისტრო უნდა პასუხობდეს ომში მყოფი ქვეყნის რეალობას და უნდა შეითავსოს თანამედროვე დიპლომატიის საუკეთესო პრაქტიკა, მათ შორის ახალი რიტმი, ენერგია და მიდგომები. მისივე თქმით, უკრაინის ელჩის მუშაობის ეფექტურობა მკაფიო კრიტერიუმებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
„ეს არის კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და აქტიურობა. ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ვერ იქნებიან მოწყვეტილი რეალობას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული გაწვევის გადაწყვეტილება მივიღე. მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ელჩად მუშაობა და როგორ აქციო ეს სამუშაო უფრო ეფექტურად. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მოთამაშე და არ ელოდებოდეს მითითებებს ცენტრიდან, არამედ უდნა იჩენდეს ინიციატივებს, იღებდეს პასუხისმგებლობას და თავის მაგალითზე წარმოაჩინოს უკრაინული დიპლომატიის ძალა”, – აღნიშნა მან.
6 სექტემბერს დმიტო კულებამ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ პარლამენტს მიმართა. მომდევნო დღეს უმაღლესმა რადამ კულებას გადადგომის შესახებ მოთხოვნა დაუკმაყოფილა. მის ნაცვლად, პოსტი დაიკავა ანდრიი სიბიგამ.