უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა წერს, რომ რუსეთი იარაღად იყენებს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას საქართველოს გავლით და რუსეთს სთავაზობს, ეს ადამიანები უკრაინის საზღვართან მიიყვანოს, ვინაიდან ბევრ დეპორტირებულ ადამიანს საბუთები წესრიგში არ აქვს და ტრანზიტულ ზონაში იჭედება.
მისი თქმით, რუსეთმა საქართველოს საზღვარზე დეპორტირებული უკრაინელი მოქალაქეების, ძირითადად ყოფილი მსჯავრდებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად ივნისიდან გაზარდა.
„უკრაინის საკონსულოები აქტიურად მუშაობენ მათთვის დოკუმენტების მიწოდებასა და მოლდოვას გავლით უკრაინაში ტრანსპორტირებაზე. ამ მარშრუტით უკვე ევაკუირებულია უკრაინის 43 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიეცი.
თუმცა, საზღვარზე რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი რჩება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსა და მოლდოვასთან, რათა ჩვენი დანარჩენი მოქალაქეები უკრაინაში გადაიყვანონ.
თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი დეპორტირებულთა რაოდენობას კიდევ უფრო არ გაზრდის.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ საჯაროდ ვთავაზობთ რუსეთს, უკრაინის მოქალაქეების ეს კატეგორია პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გაგზავნოს.
ჩვენ მზად ვიქნებით, იქიდან მივიღოთ ისინი. არსებობს საზღვრის შესაბამისი მონაკვეთები, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია. ჩვენ ამ შეთავაზებას ვავრცელებთ პირდაპირ და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ოფიციალური არხებით”. – დაწერა X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ინფორმაცია, რომ უკრაინის მოქალაქეებს რუსეთიდან დეპორტაციის შემდეგ რუსეთი საქართველოს საზღვართან ტოვებს, BBC-ის რუსულმა სამსახურმა 10 ივლისს გაავრცელა.
გამოცემა წერდა, რომ რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი. ისინი იძულებულები არიან, სარდაფის ტიპის სივრცეში იცხოვრონ, გარეთ გასვლის უფლების გარეშე.
მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ციხეებიდან რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები.
BBC-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელების ნაკადი გაიზრდება. მათ ინფორმაციით, დაახლოებით, 800 ადამიანს გააძევებენ რუსეთის უცხოელთა დროებითი დაკავების იზოლატორებიდან.