სიბიჰამ თქვა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი წინადადება მიიღო

პუბლიკა

უკრაინამ ინდოეთისგან, თურქეთისგან, ეგვიპტისა და აშშ-ისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი წინადადება მიიღო და რუსეთთან ზავის სხვადასხვა ვარიანტისთვის მზად არის.

„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სიბიჰას თქმით, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზავი ენერგეტიკულ ობიექტებსა და შავ ზღვასაც შეეხება.

„ჩვენ ოთხი წინადადება მივიღეთ. ყველაზე ფართო ინდოეთის წინადადებაა. ჩვენ მზად ვართ ენერგეტიკული და შავი ზღვის ზავისთვის, მაგრამ მხოლოდ ასეთი კომბინაციით: ენერგეტიკა და ზავი შავ ზღვაში. ეს არის სრული ენერგეტიკული ზავი, დარტყმების შეწყვეტა ყველა ენერგეტიკულ ობიექტზე, პორტების ინფრასტრუქტურის ჩათვლით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ანალოგიური წინადადებებით გამოვიდნენ თურქეთი და ეგვიპტეც. ამ ქვეყნებმა წამოაყენეს შავ ზღვაში ზავის პირობა, რომლის მიზანიც მარცვლეულის ექსპორტის აღდგენაა.

მეოთხე წინადადება აშშ-მა წარადგინა. ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინამ და რუსეთმა ენერგეტიკული ზავის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.

სიბიჰას განცხადებით, კიევი ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტისთვის, მათ შორის ფრონტის ხაზზე ზავის დამყარებისთვისაც, მზად არის.

„არის კიდევ ერთი, მეოთხე წინადადება – აშშ-ის მხრიდან – ენერგეტიკული ზავის შესახებ. ეს საკითხი პრეზიდენტების: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დროს განიხილებოდა. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ზავი შეიძლება გახდეს პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი. ჩვენ მზად ვართ ზავის სხვადასხვა ფორმატისთვის, მათ შორის უპირობო ზავისთვის შეხების ხაზის გასწვრივ“, – თქვა დიპლომატმა.

მედიის ინფორმაციით, თურქეთი და გაერო რუსეთსა და უკრაინას შორის შავ ზღვაში ზავის შესახებ ახალი მოლაპარაკებების ორგანიზებას გეგმავენ. მათი მიზანია სხვადასხვა ინიციატივის გაერთიანება და მარცვლეულის მიწოდების დაცვა, მაშინ როდესაც მსოფლიოში სურსათის ფასები სწრაფად იზრდება.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ ადრეც წერდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, შეემცირებინა რუსული ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა და, მისი თქმით, ზელენსკი ამას დათანხმდა.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დახურულ მოლაპარაკებებზე არ ყოფილა მცდელობა, კიევისთვის ცალმხრივად დაეძალებინათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა მსგავს ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის მიღწევა რთული ამოცანაა, თუმცა ვაშინგტონი ამის განხორციელებას შეეცდება.