„ეს არის სიბრიყვისა და შიშის კომბინაცია. შიშმა ივანიშვილი ბოლომდე ბრიყვად აქცია. ეს არის ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული, ფულიანი, აღზევებული მდაბიო, რომელიც ცდილობს ქვეყანა ხელში ჩაიგდოს. დაჭერებით ამას ვერ მიაღწევს. მეტსაც გეტყვით, დაჭერებით მხოლოდ საკუთარ დაისს დაჩაქარებს, ოღონდ ეს დაისი იქნება მწარე” – ასე აფასებს დედაქალაქის ყოფილი მერი, “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას.
გიგი უგულავა ამ წუთებში პარტიის ოფისში იმყოფება, მისი თქმით, სამართალდამცველებს შეუძლიათ მის ადვოკატს დაუკავშირდნენ, აცნობონ, სად უნდა მივიდეს, და ამის შემდეგ ის თავად გამოცხადდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
დღეს, 18:00 საათზე უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.