სიჭინავა: ჩვენი გუნდი უწყვეტ პროტესტშია ჩართული, მაგრამ კამერებში არ ეკეკლუცებიან მოქალაქეებს 

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ეხმაურება მოქალაქეების კითხვებს, „სად არიან“ პარტიის წარმომადგენლები მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.

სიჭინავა წერს, რომ „პარტიას ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესების (მოპარული არჩევანის დაბრუნებაც ნამდვილად ერთ-ერთია) და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“.

მისი თქმით, „ვიღაცების დავალებით ის ადამიანები „დაგვეძებენ“ თურმე, თან „თვალხარიას“ რომ გვეძახიან, თან ივანიშვილის პროექტს“.

„გახარია-საქართველოსთვის“ წევრი წერს: „26 ოქტომბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ კოალიციური მთავრობის მონახაზზე რომ მუშაობდნენ ზოგიერთები და „ვირტუალურ კანცელარიაში“ ისხდნენ, ჩვენი გუნდი იბრძოდა (დღემდე იბრძვის) ხმების დასაცავად და მოქალაქეების არჩევანის გადასარჩენად უბნებში, ოლქებში, სასამართლოებში, ქუჩაში, პროტესტში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში“.

ბერდია სიჭინავამ თქვა, რომ პარტიის გუნდი 19 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში სასამართლოში იყო, სადაც ცესკოს წინააღმდეგ შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით სხდომა მიმდინარეობდა, პარალელურად კი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ბრიუსელში მართავდა შეხვედრებს.

„ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უწყვეტ 24-საათიან პროტესტშია ჩართული ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში – უნივერსიტეტთან, მხოლოდ იმ სხვაობით, რომ კამერებში არ ეკეკლუცებიან მოქალაქეებს.

ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმას ვცემთ პატივს, საერთო მიზანი უნდა გვქონდეს ყველას: არჩევნების დაბრუნება და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა, ოღონდ პათეტიკური სადღეგრელოების, მხოლოდ კამერებისთვის ჟივილ-ხივილისა და სხვების ლანძღვის გარეშე, გონიერი მოქმედებებით.

ჩვენს ძვირფას ამომრჩეველს მინდა მივმართო: იმედებს არასდროს გაგიცრუებთ; თქვენი ხმა გვაძლიერებს. ამ ბრძოლას მოვიგებთ საქართველოსთვის“.