„დროას“ წევრი, აქტივისტი მარიამ სიჭინავა დღეს ზუგდიდის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდა. სიჭინავა მოსამართლემ დღესაც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. პარტიაში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაშიც სიჭინავას აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ, მას კაშნე ჰქონდა შემოხვეული.
„რატომ უნდა მოგისმინოთ საერთოდ მაგასაც ვერ ვხვდები, ერთადერთი აქ ვარ მოსული პროტესტის დასაფიქსირებლად: თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს! თავისუფლება მზია ამაღლობელს, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს, თქვენ რა თქმა უნდა, ამის გამო სინდისი არ გაწუხებთ, დიდი მადლობა, ამ ცირკთან თქვენ თვითონ გააგრძელეთ თანამშრომლობა, როგორც წარმატებულმა ჯამბაზმა“, – თქვა სიჭინავამ სასამართლო დარბაზში მანამ, სანამ სხდომას დატოვებდა.
სიჭინავამ მედიასთან კომენტარში თქვა, რომ არ აპირებს ჯარიმების გადახდას და აგრძელებს დაუმორჩილებლობას. „დროას“ ცნობით, სასამართლოსთან სიჭინავას ჩააბარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კიდევ ერთი ოქმი, რომელიც აქციაზე საბავშვო ნიღბით მისვლას ეხება.
სიჭინავა 24 იანვარსაც დააჯარიმეს აქციაზე ბალაკლავის ტარების გამო, მანამდე ის ორჯერ იყო დაკავებული აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის, პირველად 13 იანვარს, შემდეგ კი 16 იანვარს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ. ეს მუხლი შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. სიჭინავა ორივე შემთხვევაში 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმეს.
მიხეილ ყაველაშვილის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული ცვლილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლს დაემატა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები აქციაზე პიროტექნიკისა და სახის დაფარვის გამო. აქციაზე ნიღბის ტარებისთვის და ფეიერვერკის გამოყენებისთვის მარიამ სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმეს. პირველად სიჭინავას ოქმი 30 დეკემბერს გაუფორმეს, როცა ძალაში შევიდა აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვა. სახის დაფარვისთვის სამართალდარღვევა 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ხოლო პიროტექნიკის გამოყენება – 5000 ლარს. ადმინისტრაციულ კოდექსში ჯერჯერობით ნიღბის ტარებაზე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე სანქციის გამკაცრების შესახებ ჩანაწერი არ არის, პიროტექნიკის გამოყენების მუხლი კი ორგანიზატორის შემთხვევაში 15000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.