ზუგდიდელი აქტივისტის, მარიამ სიჭინავას თქმით, მოსამართლის დადგენილებით, მოსამართლემ ზეპირი მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, მისი საქმის განხილვა მას აღარ ეხება და გადაწყვეტილება მთლიანად კრიმპოლმა უნდა მიიღოს.
საქმე ეხება მარიამ სიჭინავას მიერ 7 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იმ დღეს, 17:00 საათზე ადმინისტრაციულ საქმეზე სხდომა დაუნიშნეს.
პროცესის დაწყებამდე 40 წუთით ადრე კი დაურეკეს და უთხრეს, რომ მოსამართლემ დადგენილება უკვე მიიღო, ხოლო მისი შინაარსის გაცნობას დადგენილების ჩაბარების შემდეგ შეძლებდა.
სწორედ ამ დადგენილებას გაეცნო დღეს სიჭინავა.
მარიამ სიჭინავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება აქციაზე ლაზერის ფლობის გამო მიმდინარეობდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „ქართული ოცნების” მიერ შეტანილი ბოლო რეპრესიული ცვლილებებით, აქციაზე სახის დაფარვის და ლაზერის ტარების აკრძალვის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან 7 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
რეპრესიული კანონის წინა ვერსიაში პატიმრობა გათვალისწინებული არ ყოფილა და მხოლოდ 2000 ლარი იყო გათვალისწინებული.
ამ დრომდე აქტივისტი მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, სულ მცირე, 5-ჯერ დააჯარიმა სხვადასხვა საქმეზე.