პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სასტუმრო „შერატონს“ სთხოვს, გადასცენ პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის კადრები. პარტიის წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში. სიჭინავას განცხადებით, ხედავენ რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით.
„კოჭლ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს იმის უნარი და გამბედაობაც არ აქვთ, აღიარონ, რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან. თუმცა დე ფაქტო პრემიერისა და სხვა დე ფაქტო თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა იწვევს უნდობლობას და ყოველწუთიერად აჩენს რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას, რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ. ამიტომ სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად მოვითხოვთ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით“, – თქვა სიჭინავამ.
ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერი ადასტურებს, რომ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია. მისი თქმით, თავად ნახა ეს ჩანაწერები და მზად არიან მასალა საგამოძიებო უწყებებს გადასცენ.
15 იანვარს, გამთენიისას, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. თავდასხმა მოხდა ჯერ ზვიად ქორიძეზე, შემდეგ კი – გიორგი გახარიაზე.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ბათუმში მყოფმა პარტიის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ თავდასხმაში „ოცნების“ წევრები დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ, მისი თქმით, ვერ ამბობენ დანამდვილებით სხვა გვარებს.
გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.