„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონის” ფოიეში 10-მდე პირი დაესხა თავს. მისივე განცხადებით, ამ დროს გახარია მარტო იმყოფებოდა.
სიჭინავა ამბობს, რომ სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით და ადმინისტრაციამ მზადყოფნა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად.
„როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს.
გუშინ გიორგი გახარია ბათუმში იმყოფებოდა, დაკავებული ახალგაზრდებისა და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი.
სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად.
სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ.
გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში.
ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა სიჭინავამ.
გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს ღამით დაესხნენ.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. თავდამსხმელებს შორის იყო დიმიტრი სამხარაძეც.
შსს-მ გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ექიმის თქმით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.