პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ გახარია მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული“.
სიჭინავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოცდის საკუთარ თავზე”.
„საგულისხმოა, რომ პარტიული ზონდერჯგუფის წევრებს, სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ.
ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული.
ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად საქართველოდან არცერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ.
გახარიას ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მთავარი გზავნილები უკანონო პატიმრების დროულად გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას შეცვლილ გარემოში და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების არაღიარებას შეეხებოდა.
ივანიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოცდის საკუთარ თავზე: ვპირდებით, რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს – ფულს და ძალაუფლებას, რომლის შესანარჩუნებლად კუთხეში მიმწყვდეული, ნიღაბჩამოცმული ძალადობს ახალგაზრდებსა და ქალებზე, ამწყვდევს საპატიმრო დაწესებულებებში და ყველა უღირსი და ამორალური მეთოდით ცდილობს მათთან ანგარიშსწორებას.
მიუნხენის წარმატებულ ვიზიტს მოჰყვება სხვა კიდევ უფრო წარმატებული ვიზიტები. საკუთარ ქვეყანაში იზოლირებული, საკუთარი ხალხისგან მოკვეთილი ივანიშვილი, შიშისგან ვერ იაზრებს, რომ ჩვენი გუნდის ბრძოლას ვერაფერი გააჩერებს. ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი“, – განაცხადა სიჭინავამ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გამთენიისას, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიას და გერმანიის ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის აეროპორტში „ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ“.