ხარკივის ოლქის უმეტესი ნაწილიდან უკან დახევის შემდეგ, წუხელ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ელექტროსისტემაზე, მათ შორის ქვეყნის უდიდეს თბოსადგურებზე. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეუწყდა ხარკივის ოლქს, ელექტროენერგია გაითიშა დონეცკის, სუმის, დნიპროპეტროვსკისა და ზაპორიჟიის ოლქის ნაწილშიც.
სამოქალაქო ობიექტებზე რუსულ სარაკეტო იერიშებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და რუსეთს კიდევ ერთხელ მიმართა.
„უკუნეთ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო თვალნათლივ ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს. რუსეთის მიერ მიზანმიმართულ, ცინიკურ სარაკეტო იერიშებს ჩვენს კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაო ინფრასტრუქტურაზე და არა სამხედრო ობიექტებზე.
ელექტროენერგია გამოირთო ხარკივისა და დონეცკის ოლქებში. ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემები შეიქმნა ზაპორიჟიის, დნიპროპეტროვსკის, სუმის ოლქებშიც.
კვლავინდებურად გგონიათ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ? ისევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, გაგვტეხთ და დათმობაზე წასვლას გვაიძულებთ? ნუთუ, მართლა ვერაფერი გაიგეთ? ვერ გაიგეთ, ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ ?
წაიკითხეთ ტუჩების მოძრაობით:
გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? – თქვენ გარეშე!
დენის გარეშე თუ თქვენ გარეშე? – თქვენ გარეშე!
უწყლოდ თუ უთქვენოდ? – უთქვენოდ!
ლუკმაპურის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე!
სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი არ არის ჩვენთვის იმდენად საშიში და მომაკვდინებელი, როგორიცაა თქვენი „მეგობრობა და ძმობა“. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ ვიქნებით გაზთან, სინათლესთან, წყალთან და საკვებთან ერთად… და თქვენ გარეშე!“ – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის თავდასხმას წინ უძღოდა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკივის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების სწრაფი კონტრშეტევა, რასაც რუსეთის არმიამ ვერ გაუძლო და რამდენიმე დღეში ათასობით ოკუპირებული კვადრატული კილომეტრის ფართობი დაკარგა.
რუსულმა არმიამ ბალაკლეას, იზიუმის, კუპიანსკის დასახლებების შემდეგ უკან დაიხია ხარკივის ჩრდილოეთიდან, უკრაინელი სამხედროები რუსეთის საზღვრამდეც მივიდნენ. აღმოსავლეთით კი რუსული საოკუპაციო ძალები მდინარე ოსკილის მარცხენა სანაპიროზე გამაგრდნენ. უკრაინელები ხარკივის ოლქის სამხრეთით, ლიმანის დასახლებასაც უტევენ.