„სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება" - იოსელიანი

პუბლიკა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ასევე, ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი.

აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს.

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სუს-ში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.