„სიცრუის ტირაჟირების მცდელობა“ - მიქანაძე „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე ეხმაურება „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა. მიქანაძე აღნიშნულს „სიცრუის ტირაჟირების მორიგ მცდელობას” უწოდებს.

მიქანაძის კომენტარს „იმედი“ ავრცელებს.

როგორც მიქანაძე სატელევიზიო კომენტარში აღნიშნავს, სესიაში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაცია სამი დეპუტატით იყო წარმოდგენილი და მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გამართა.

„ადგილი აქვს მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობას. […] რადიკალების რიგ მხარდამჭერებს აპრილის დასაწყისში ჰქონდათ მცდელობა მართლაც, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეულწილად შეეზღუდათ, თუმცა ბევრი ქვეყნის დელეგაციის მხრიდან წინააღმდეგობა დაფიქსირდა. რის საფუძველზეც სწორედ ტაბულას ინფორმაციაში გაცხადებულ GSM სემინარებზე, უკვე აპრილის ბოლოს, მარიამ ლაშხმა და მე მივიღეთ ანტალიაში ჩატარებულ GSM სემინარში მონაწილეობა.

ხოლო ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც წლის განმავლობაში ორჯერ ტარდება, ეს არის საგაზაფხულო და საშემოდგომო ასამბლეის სხდომები, ჩვენ უკვე საგაზაფხულო სხდომაზე მივიღეთ მონაწილეობა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ უკვე მოსულია მოსაწვევები შემდეგ სხდომებზეც. ჩვენი დელეგაციის წევრები დარეგისტრირებულნი არიან. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ფორმატში თანამშრომლობას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან” – ამბობს მიქანაძე.

ონლაინ მედია „ტაბულას“ ინფორმაციით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერეს.

ასამბლეაზე დასასწრებად საქართველოდან „ქართული ოცნების“ წევრები, მარიამ ლაშხი, ლევან მახაშვილი და გივი მიქანაძე ჩავიდნენ.

„ტაბულას“ ინფორმაციით, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ გარკვეული პრივილეგიების შეზღუდვით, პლენარულ სესიაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა სამ წევრამდე შეზღუდოს, ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში კი, ამ სამიდან ერთი ადგილი ოპოზიციისთვის გამოიყოფა.