სიდნეიში სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეცაა. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.
ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულთათვის.
ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”, – აცხადებენ უწყებაში.
სიდნეის სავაჭრო ცენტრში თავდასხმა გუშინ მოხდა. დანით შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა. მედიების ცნობით, დაიღუპა 6 მოქალაქე, არიან დაშავებულებიც.