სიძულვილის ენა ამ გამარჯვების გარშემო ორივე მიმართულებით მოვისმინეთ | პაპუაშვილი ბასილაშვილზე

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვება მიულოცა.

„პირველ რიგში მეც მინდა მივულოცო ნიკოლოზ ბასილაშვილს მნიშვნელოვანი გამარჯვება, თუმცა ამას მე მინდა სხვა კუთხითაც შეგახედოთ. ამ გამარჯვებამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაგვანახა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში, როგორც ჩანს, სულ უფრო ღრმავდება და ღრმავდება, რაც მთავარი მიზეზია პოლარიზაციის, რომელიც არის მედიაში, საზოგადოებაში და ა.შ. ეს არის სიძულვილის ენა, რომელიც ამ გამარჯვების გარშემო ორივე მიმართულებით მოვისმინეთ. იყო როგორც ზიზღის და სიძულვილის ენა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ, მისი კრიტიკოსების მიმართ ასევე იყო დამცინავი, შეურაცხმყოფელი ენა გამოყენებული. ეს სოციალური ქსელების განვითარების თანმდევი პროცესია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. პროკურატურის მტკიცებით, 21 მაისს თბილისში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.

საქართველოს 1 და მსოფლიოს 27-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის მაისში საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო დააკისრა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ითვალისწინებს ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.