სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ - შოლცი

პუბლიკა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი პოლიტიკური თავდასხმებისა და ძალადობის მზარდ მაჩვენებელს ეხმაურება და ამბობს, რომ გერმანია მსგავსი ქმედებების მიმართ შეუწყნარებელია. შოლცის კომენტარს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ავრცელებს.

„ბოლო დღეებია პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები იზრდება. ჩვენ არ გვაქვს შემწყნარებლობა სიძულვილისა და ძალადობის მიმართ. ხალხის უმრავლესობა არის ღირსეული. მათი ხმა ზუსტად უნდა იქნას გაგონილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო კვირების განმავლობაში აქციის მონაწილეების მიმართ ხორციელდებოდა მუქარისა და დაშინების ქმედებები. ოპოზიციურად განწყობილ არაერთ მოქალაქეს უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ მათი, ასევე, მათი ოჯახის წევრების მისამართით როგორც სიტყვიერად, ასევე, ფიზიკური ანგარიშსწორებით.

აქციის რამდენიმე აქტიურ მონაწილეს უცნობი პირები დახვდნენ სახლებთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან, შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სადარბაზოებთან ან ოფისებთან. რამდენიმე დღის წინ კი უცნობმა პირებმა დაარბიეს ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი.