სიფრთხილე გვმართებს, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც არის, რომ შემთხვევებმა იმატოს – გამყრელიძე

პუბლიკა

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ და გუშინწინ ახალ შემთხვევათა რაოდენობის შედარებით მატება გვაქვს, ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ. გუშინწინის წინ გვქონდა 3, გუშინწინ გვქონდა 8, გუშინ ანუ დღეს დილისთვის გვაქვს 11 – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„აქ არ არის, ერთი მხრივ, არავითარი საშიშროება, მაგრამ მეორე მხრივ, მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მოსალოდნელიც იყო და არის, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს. მაგრამ ეს მატება, ყოველთვის არის მართვადი და იქნება მართვადი, მინდა, დაგარწმუნოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ის მოსახლეობას მიმართავს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. საჭიროა მხოლოდ რეკომენდაციების გათვალისწინება. მან აღნიშნა ისიც, რომ მიკროავტობუსებში, ავტობუსებისგან განსხვავებით, რეკომენდაციებს ნაკლებად იცავენ.

„გაიხსნა, ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი, ანუ გაიზარდა მობილობა სერიოზულად… გამიხარდა ავტობუსებს, რომ ვუყურებდი, რამდენად იცვლება წესები, თუმცა – არა მიკროავტობუსებში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის.  ჩვენთან, საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი. გვექნება ახალი შემთხვევები. 3, 5, 10, 15 – არ არის ეს დიდი პრობლემა. ეს მართვადია და ჯანდაცვის სისტემა ამას თავისუფლად მართავს და ყველა ადამიანი ნახავთ, რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ამიტომ, ერთადერთი – ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება covid-19-თან ერთად. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომდე არ გაქრება. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის წესები. ახლა გაიხსნება, ორშაბათს, ღია რესტორნები. ახალგაზრდები ბრძანდებით, ვიცით წახვალთ კაფეებში. ღმერთმა მოგცეთ ამის საშუალება, კარგია, მაგრამ დავიცვათ ყველგან წესები”, – განაცხადა გამყრელიძემ.