სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა. ის სხვადასხვა საკითხს შეეხო თავის სიტყვაში, მათ შორის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და დეოკუპაციის საკითხს.

„ყველამ, თეორიულად მიანც, ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემაზე ჩვენს შორის  აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.

1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო. თუმცა გაერთიანებულები იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ – საქართველლოს დამოუკიდებლობის და სახლემწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ.

მიუღებელია, დღეს როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა  უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას, პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში  და ამით გაამართლოს თავისი ამბიცები, “- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ოკუპაციის თემა ყველაზე საკრალური თემაა და ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ:

„არაფერს აკეთებენ“ ან „ენგურის ხიდი ჩაკეტეს“ – განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან კარგად ვიცით, ვინ ჩაკეტა ენგურის ხიდი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას, მათი პოზიციების დაფიქსირებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმითა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები.  ამ საკითხიებისადმი მიდგომა წარმოაჩენს პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებელობას ქვეყნის მიმართ, “- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.