სიღარიბე ის საკითხია, რაშიც უკლებლივ ყველა ოპონენტს ვეთანხმებით - ივანიშვილი

პუბლიკა

,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენამდე სიტყვით გამოვიდა. მან თავის გამოსვლის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო.

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის შესახებ ისაუბრა: „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია. სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მივიღეთ, რადგან ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, – დემოკრატია სხვა ღირებულებას უბრალოდ, არ იცნობს“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, სიღარიბე არის ის საკითხი რაშიც ეთანხმება უკლებლივ ყველა ოპონენტს და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს.

„ეს არის, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე. კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი და უმუშევარი მოქალაქე; ვიცით, რომ უამრავ ადამიანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.

დღევანდელი სიღარიბე, იმ ოცწლიანი, უწყვეტი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე და აღარ გავიმეორებ.

ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს  და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მემკვიდრეობით ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

განსაკუთრებით მიუღებელია კრიტიკა და ბრალდებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვინც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მხოლოდ 4 პროცენტით მოახერხა სიღარიბის შემცირება და 2012 წელს,  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 123 ათასი მოქალაქე დაგვახვედრა.

სიღარიბის დაძლევის ესოდენ დაბალი მაჩვენებელი, დიდ წილად, 2008 წლის ომის თანამდევი ეკონომიკური კრიზისის არაეფექტურმა და უგუნურმა მართვამაც განაპირობა, “- განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი რვა წელია ებრძვიან სიღარიბეს და მოახერხეს ოცწლიანი დაღმასვლის შეჩერება.

„400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 700 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ, “- განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა მმართველი გუნდისა  და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა წარადგინეს.