სიღრმისეულად უნდა გადავხედოთ ჩვენს მიზნებსა და ღირებულებებს - ცნობილი ხელოვანები და მეცნიერები წერილს აქვეყნებენ

პუბლიკა

ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანები მეცნიერებთან, მათ შორის, ნობელიანტებთან ერთად ღია წერილს აქვეყნებენ. წერილში, რომელსაც ფრანგული მედიაგამოცემა Le Monde ავრცელებს, ისინი მიმართავენ მოქალაქეებს და ქვეყნების ლიდერებს, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ არ დაუბრუნდნენ ჩვეული ცხოვრების რიტმს და გაიაზრონ ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც დედამიწას ემუქრება.

„Covid-19-ის პანდემია ტრაგედიაა, თუმცა ეს კრიზისი იმის შესაძლებლობაა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზეც დავფიქრდეთ. დასკვნა მარტივია: მხოლოდ „კორექტირება“ გამოსავალი არაა, პრობლემა სისტემურია. ამჟამინდელი ეკოლოგიური კატასტროფა „მეტაკრიზისის“ ნაწილია. დედამიწაზე მასობრივი გადაშენება ეჭვქვეშ აღარაა და ყველა ნიშანი მიუთითებს უშუალოდ ეგზისტენციალურ საფრთხეზე. პანდემიისგან განსხვავებით, რამდენადაც სერიოზული არ უნდა იყოს ის, ეს არის გლობალური კოლაფსი, რომლის შედეგიც განუზომლად დიდი იქნება.

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებსა და მოქალაქეებს, უარი თქვან შეუმდგარ ლოგიკაზე, რომელიც ჯერ კიდევ ჭარბობს და საბოლოოდ სიღრმისეულად გადახედონ მიზნებს, ღირებულებებსა და ეკონომიკას“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც არაერთი ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი აწერს ხელს, მათ შორის: პედრო ალმოდოვარი, ხავიერ ბარდემი, მონიკა ბელუჩი, ქეით ბლანშეტი, ჟულიეტ ბინოში, როდერიკ მაკკინონი, იგი პოპი, ხოაკინ ფენიქსი, რუნი მარა, პაოლო სორენტინო, ბარბარა სტრეიზანდი, როალდ ჰოფმანი, უილემ დეფო და სხვები. ხელმომწერებს შორისაა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათაშვილიც.

წერილში ნათქვამია, რომ კონსუმერიზმმა უკვე შეცვალა დედამიწაზე სიცოცხლის მნიშვნელობა. ჰაერის დაბინძურების ზრდამ, გლობალურმა დათბობამ და ბუნებრივი გარემოს განადგურებამ მსოფლიო გარდამტეხ ნიშნულამდე მიიყვანა.„ამ მიზეზების გამო, რომელსც თან ერთვის არნახული სოციალური უთანასწორობა, წარმოუდგენლად მიგვაჩნია, დავუბრუნდეთ „ნორმალურ ცხოვრებას“. საჭიროა რადიკალური ტრანსფორმაცია ყველა დონეზე“, – წერენ ცნობილი ხელოვანები და მეცნიერები.