პოლიციას რიონის ხეობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა არ გამოუყენებია - შსს

პუბლიკა

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება მოხდა, არ შეესაბამება სიმართლეს“, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყება აღნიშნავს, რომ რიონის ხეობაში განთავსებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

„რიონის ხეობაში აღნიშნული საპოლიციო ინფრასტრუქტურა რთული რელიეფური მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა“, – აღნიშნავს შსს.

შსს-ს თქმით, უკვე მეორე დღეა, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, „უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით“, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები.

„რაც შეეხება მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“, – აღშნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს მოქალაქეებს, „არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს“.

„აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყება, უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.


3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა.