სიის უმრავლესობა უნდა შედგებოდეს მათგან, ვინც არასდროს ყოფილა პარლამენტის წევრი - სააკაშვილი ენმ-ს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და მოუწოდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სია გადაახალისონ.

„მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები. ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“, – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

დღეს სააკაშვილი თავის სასამართლო სხდომასაც ჩაერთო და ისაუბრა იმ ადამიანების შესახებ, ვინც მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ „შიგნიდან ლანძღავენ“ და მოუწოდა, რომ პარტია დატოვონ.

„თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და თქვენი რაღაც გააკეთოთ. ეს სჯობს, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ. ყველაფრის გაკეთება მაინც ერთობლივად მოგვიხდება. ახლა ჩვენ შიგნიდან რყევა არ გვჭირდება. კი ბატონო, გარეთ გადით, რაღაც ახალი შექმენით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ“, – თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა იმ თანაპარტიელებში, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ლანძღავს. თუმცა მის გამოსვლას გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და განაცხადა, რომ მისი აზრით, სააკაშვილი ნიკა მელიას გულისხმობდა.

პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტი რამდენჯერმე გააკრიტიკა.