„სიკვდილი ერთმანეთისგან არ არჩევს „ოცნებისა“ და ენმ-ის მხარდამჭერებს" | რა თქვა მელიამ 500 000 ამომრჩეველზე

პუბლიკა

„სიკვდილი არ არჩევს ერთმანეთისგან „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების მხარდამჭერებს”, – მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ენმ-ის ლიდერის ნიკა მერიას განცხადებას გამოეხმაურა 500 000 ამომრჩევლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

კობახიძეს შეკითხვა ჟურნალისტმა ამ ფორმულირებით დაუსვა: „მელიამ თქვა, რომ „ნაციონალების“ 500 000 ამომრჩეველი გარდაიცვალა, ასე ახსნა არჩევნებში წარუმატებლობა“.

„ცოტა სასაცილოა, არც ვიცი, სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო ამაზე. ეს ცვლილება ხდება ყოველწლიურად, ჩვეულებრივი ამბავია, ხდება გარდაცვალება და დაბადება და ახალი ამომრჩევლები ემატებიან ელექტორატს, მაგრამ აქ პროპორციებიც არის დაცული, ამ მხრივ სიკვდილი არ არჩევს ერთმანეთისგან „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების მხარდამჭერებს“, – უპასუხა კობახიძემ.

26 ივლისს ნიკა მელია გადაცემა „ღამის მთავარის” სტუმარი იყო, სადაც მისი პარტიის მხარდამჭერებთან კომუნიკაციაზე საუბრობდა. მისივე თქმით, 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 500 000 ამომრჩეველი ჩანაცვლდა და მათ შორის იქნებოდნენ ენმ-ის მხარდამჭერებიც. მელია ამბობს, რომ ენმ-ის ახლა  სხვადასხვა ჯგუფისგან შემდგარი ამომრჩეველი ჰყავს.

„2022 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ შედგება ერთმანეთისგან განსხვავებული, მხარდამჭერთა სხვადასხვა ჯგუფებისგან. ამას აქვს ბევრი ფაქტორი, თუ რამ განაპირობა ეს. ერთ ძლიერ ფაქტორს გეტყვით – უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, 500 000 ამომრჩეველი, ანუ აქტიური გულშემატკივარი პროცესებისა ქვეყანაში, გარდაიცვალა. წელიწადში 50 000 საქართველოს მოქალაქე გარდაიცვლება, ამდენივე იბადება და ამდენივე აქტიური ამომრჩეველი ჰყავს ქვეყანას.

500 000 ამომრჩეველი ამომრჩეველი ქვეყანამ დაკარგა და ჩაანაცვლა ახალმა 500 000 მოქალაქემ. და შესაბამისად, იმ გარდაცვლილ ამომრჩევლებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც იყო ხომ?!…

უთქვამთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” წლების განმავლობაში ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, ეს არ არის სწორი შეფასება. „ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ ძალადობრივ არჩევნებში მოახერხა მეტ-ნაკლებად სტაბილური პროცენტის დაფიქსირება, სადაც ცვალებადი იყო ამომრჩეველთა დიდი ნაწილი”, – ამბობდა მელია.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული ამომრჩევლის მცირე თუ დიდი ჯგუფი, საჭიროებდა ახსნა-განმარტებას, რომ რეალობა შეიცვალა და უნდა მოეხდინათ ადაპტირება ახალთან.

„პარტიის ყველა წევრი უკვე უნდა იცნობდეს საკუთარ ამომრჩეველს. იმიტომ, რომ ბევრი დრო გავიდა. იყო ეს პრობლემა ჩემს მიერ იდენტიფიცირებული – ერთი ჯგუფი, რომელიც არ ცნობდა, არ სჯეროდა, ან არ უნდოდა დაეჯერებინა… მიხარია, რომ ყოველი შეხვედრიდან-შეხვედრამდე ვრწმუნდები, რომ ბევრი ადამიანი ამ რეალობას ახლა ადეკვატურად აღიქვამს – რომ სხვა ჯგუფებიც არსებობენ, რომლებიც ასეთივე მხარდამჭერები არიან „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ შესაძლებელია, ხშირ შემთხვევაში ეს ჯგუფები ერთმანეთს არ ეთანხმებიან რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არის სიძლიერე ჩვენი პარტიის. მეტი ძალისხმევაა ახლა საჭირო, რომ ეს ყველაფერი მოვიყვანოთ წესრიგში”, – ამბობდა მელია.