„სიკვდილის შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოდის იმ პაციენტებზე, რომლებიც დარჩნენ ბინაზე, არ მიაქციეს ყურადღება თავიანთ რესპირაციულ სიმპტომებსა და ცხელებით მიმდინარე ავადმყოფობას. უკიდურესად დამძიმების მერე მიმართეს ექიმს და საავადმყოფოში მივიდნენ პრაქტიკულად ტერმინალურ სიტუაციაში“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, კლინიკურმა ჯგუფმა ქვეყანაში Covid-ის სიკვდილობის ანალიზი გააკეთა.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, აქ საუბარი არ არის ისეთ შემთხვევებზე, როცა პაციენტი მიმართავს საავადმყოფოს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ ხერხდება ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის ან ორგანიზაციული ხარვეზების გამო.
„მე ვამბობ იმ კატეგორიაზე, ვინც არ მიმართა ექიმს და არა იმათზე, ვინც მიმართა და ვერ დაეხმარნენ. არ მიმართა იმიტომ, რომ არ სჯეროდა Covid-ის არსებობის; არ ეგონა, რომ რა დაავადებაც სჭირდა რესპირატორული სიმპტომებით და ტემპერატურის მომატებით, ის Covid იქნებოდა; ახლობლების რჩევით მიმართავდა თვითმკურნალობას და სხვა.
ასეთმა ადამიანმა, ვისაც აღენიშნება კოვიდის სიმპტომები და ეს არ იცის ან ამაზე არ ფიქრობს, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, უნდა მიმართოს ექიმებს. თუ ექიმი ვერ გაუწევს დროულ დახმარებას, ეს ცალკე საკითხია და ამაზე მუდმივად ვმუშაობთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მეორე საკითხი, რაზეც თენგიზ ცერცვაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, არის ის, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მისი თქმით, დემონსტრაციულად უგულებელყოფენ კოვიდს და რეგულაციებს.
„მიზეზი სხვადასხვაა – ზოგს არ სჯერა კოვიდის არსებობის, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მიიჩნევს, რომ იქ შეკრებასა და მიტინგზე გასვლა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კოვიდზე ზრუნვა; ზოგს, უბრალოდ, თვითდამკვიდრება უნდა და თავის გამოჩენა, რომ ის არ არის მშიშარა და კოვიდი ვერაფერს დააკლებს.
იმ ნაწილს მოსახლეობის, რომელსაც არ სჯერა კოვიდის ან, უბრალოდ, ადრენალინი უნდა, ვაფრთხილებ, მივმართავ თხოვნით: ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც უშვებს საზოგადოების ნაწილი ჩვენთან. ბევრი მინახავს საზოგადოების ამ ნაწილიდან, ვისაც დაემართა კოვიდი, სხვანაირად ლაპარაკობენ, ჩვენთან როცა მოხვდებიან, იხვეწებიან, გადაგვარჩინეთო. ნუ იზამთ ამას, ნუ გაიხდით საქმეს გადასარჩენად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძემ ასევე მოუწოდა ახალგაზრდებს, გაითვალისწინონ ოჯახის წევრები და ახლობლები, რომელთაც შესაძლოა, მათი დაუდევრობის გამო, კოვიდმა ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას.