შსს: „სილქნეტიდან" მონაცემების გაჟონვის საქმეზე დაკავებულია 1 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. საუბარია კომპანია „სილქნეტიდან“ მონაცემების გაჟონვის ფაქტზე.

უწყების ცნობით, 2001 წელს დაბადებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა და კომპანიის 5 000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრული ასლი მოიპოვა.

„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა.

ბრალდებული, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ინფორმაცია, რომ „სილქნეტის” მომხმარებელთა პირადმა მონაცემებმა, მათ შორის, პირადობის მოწმობის ფოტოებმა გაჟონა, 19 მარტს, საღამოს გავრცელდა.