„ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა.
„იმიტომ ,რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ეს არის მიზანი. ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემაა“, – თქვა მან.
კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის სასამართლოს მხარდაჭერის პროგრამები ღიაა ბევრი პროფესიონალისთვის.
„მე ვერაფერს ვიტყვი მოსამართლის ნაცვლად. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პროგრამები ღიაა ბევრი პროფესიონალისთვის სასამართლო სისტემაში, ვინც დაინტერესებულია აშშ-ში ჩამოსვლით და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით. ეს პროგრამა ღია რჩება ქართველი მონაწილეებისთვის“, — თქვა მან.
დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ის აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან ამოიღო, რის გამოც მან ვერ შეძლო აშშ-ში გამგზავრება. ასევე ის აცხადებს, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ მას შეხვდა საელჩოს წარმომადგენელი, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მიიღო გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი.
20 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება.
მედიის ცნობით, მოსამართლის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე ჟურნალისტებმა ელჩ დეგნანთან შეხვედრაზე, 18 მაისს ისაუბრეს.
28 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის პროგრამიდან მოხსნეს, ამერიკაში არც სხვა 5 მოსამართლე გაემგზავრა.
ამერიკის საელჩომ თემასთან დაკავშირებით ერთი განცხადება გაავრცელა.