თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც მოსამართლეს დეკანოზ მამალაძისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადებაზე უნდა ემსჯელა, გადაიდო. პროცესს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავაც ესწრებოდა. მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„ღირსეული თავისუფალი და ღვთისნიერი სასამართლოსა და მოსამართლის პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია, რომ მამა გიორგი მანალაძეს არ მიეცეს შესაძლებლობა, დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება და იმკურნალოს სისტემის გარეთ. მხოლოდ მონური უღირსი და უღვთო სასამართლოს პირობებში არის შესაძლებელი, რომ ეს საშუალება არ მიეცეს მამა გიორგის“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ 31 სექტემბერს სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გაეწია შუამდგომლობა დეკანოზი მამალაძისთვის შეწყალების საკითხზე, „არამართალი და არაგულწრფელი“ აღმოჩნდა.
„ეს ცხადყოფს რამდენად არაგულწრფელი და არამართალი იყო კათალიკოს პატრიარქი და მისი ბანდა საპატრიარქოს სახით“.
მიტროპოლიტ პეტრე ცაავას განცხადებით, საპატრიარქო არის დამნაშავე, რომ დეკანოზი მამალაძე უსამართლოდ იხდის სასჯელს.
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორც სიმბოლო ბოროტებისა უსამართლობისა უკანონობისა და უზნეობისა, საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქისა და მისი გარემოცვის სახით, როგორც მახრჩობელა გველი მოცოცდება დღეს სასამართლოში ხელისუფლების გავლით“.
პეტრე ცაავას აზრით, დეკანოზ მამალაძეს მკურნალობის მიზნით აუცილებლად უნდა მიეცეს საპატიმროს დატოვების საშუალება.