რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის დირექტორი, მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამის არხზე ირაკლი კობახიძის დღევანდელ კომენტარს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციაში „გასაკვირად ადეკვატურად“ იქცევა.
„სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს სამშვიდობოებს ესროლა, დააკავეს, არ შეუერთდნენ სანქციებს და მათი რიტორიკა ბევრად მშვიდია, ვიდრე ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ზოგიერთი წევრისა. საპასუხო ჟესტად ხომ არ გავაუქმოთ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა? ამას ისინი ძალიან ელოდებიან“, – წერს მარგარიტა სიმონიანი.
მან ტელეგრამის არხზე გააზიარა „სპუტნიკ ჯორჯიას“ მასალა, სადაც ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს უკრაინაში გენოციდის აღიარების შესახებ ენმ-ის ინიციატივასთან დაკავშირებით ჰკითხეს და პასუხად პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ენმ-ის არცერთ ინიციატივას არ განიხილავს, რადგან მათი მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა.
ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი ინიციატივების განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ 22 მარტს გააჟღერა. 22 მარტს მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა და მმართველი პარტიის ახალი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა საზოგადოებას. მისი თქმით, „ომის პარტია“ ჰიბრიდულ ომს მიმართავს საქართველოს წინააღმდეგ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ამ მიზეზით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი ინიციატივა არ განიხილოს.