სიმთვრალისას ავტომობილის მართვის შემთხვევაში სანქცია შესაძლოა გამკაცრდეს

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, ალკოჰოლური სიმთვრალისას სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას, ხოლო ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

„ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი მსჯელობა და მუშაობა იქნება მნიშვნელოვანი და ინფორმაციული“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა წარადგინა.