სინამდვილეში ჩანაწერები არ არის, ეს არის მორიგი „ფეიკ ნიუსი“ - თალაკვაძე გვარამიას მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე

პუბლიკა

„ჩემთვის ეს არის მორიგი „ფეიკ ნიუსი“ გავრცელებული იმ არხისგან და იმ ე.წ. მედიამენეჯერისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი“, –  განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სუს-ის ჩანაწერების შესახებ.

„სინამდვილეში ჩანაწერები არ არის. ეს არის ტექსტები, რომლებიც ნაბისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს, ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ.კ-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ.ნ-ს ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე. მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების, თუნდაც ჩემი ოჯახის მიმართ ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური ყალბი დეზინფორმაციები და „ფეიკნიუსები“, არ უნდა გაგვიკვირდეს არც ეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს ვხვდებით მშვიდად, ვინაიდან ვიცით, ვინ არის ნიკა გვარამია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში ფარული მოსმენის საჭიროება არ არის და გავრცელებული ინფორმაცია პროვოკაციის, ქაოსის შექმნის მცდელობაა.

„დესტაბილიზაცია რომ გინდა ქვეყანაში შექმნა, მარტო მედიასაშუალებები არ არის ამისთვის საკმარისი და მათ მიერ დასმული შეკითხვები, ამისთვის აუცილებელია, დაუცველობისა და არასტაბილურობის განცდა შეიქმნას მთელ ქვეყანაში. ასე რომ, მოულოდნელი არ იყო, რომ ასეთი შეთხზული ისტორიით გამოვიდოდა ამ საქმეში გაწაფული და ძველ პერიოდში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე დასაქმებული ადამიანი. მეც ნახსენები ვიქნები, თქვენც იქნებით ნახსენები და თვითონ მისი თავიც. ვისაც გინდათ ახსენებს, პასუხისმგებლობა აქვს რამეზე, ენას ძვალი აქვს თუ გაუჭირდება? ვფიქრობ, პროვოკაციის, ქაოსის შექმნის მცდელობაა, რომელსაც თვითონვე სურს რომ ჩამოეკიდოს. მოსმენების საჭიროება არ არის. სუს-ი დაკავებულია იმ საკითხებით, რომ ჩვენ ყველა უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავს. ეს არის სუს-ის ამოცანა. არაფრისმთქმელი დიალოგი გამოაქვეყნა კონკრეტულმა ადამიანმა, ვისაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს საქართველოში. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მე ის მიკვირს, ადრე რატომ არ დაიწყო ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა ვოლსკიმ.