სინანულს გამოვთქვამ, ავყევი ემოციებს – ხელვაჩაურის მერი ჟურნალისტის მიმართ გინებაზე

პუბლიკა

ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდამანიძემ „ბათუმელების“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვებით მიმართა. გამოცემამ აუდიოჩანაწერი გუშინ გამოაქვეყნა. ის მაშინაა ჩაწერილი, როდესაც ჟურნალისტი მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე  სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დაუკავშირდა.

„ბათუმელების“ ცნობით, ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

გუშინვე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელების” ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.

ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდამანიძემ დღეს „ტელეკომპანია პირველთან“ განაცხადა, რომ ის ნანობს ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს.

„ნამდვილად სინანულს გამოვთქვამ. ავყევი ემოციებს. ნამდვილად არასწორი გავაკეთე, ვამბობ და ვაღიარებ ამას”, – ამბობს ხელვაჩაურის მერი. გადადგება თუ არა თანამდებობიდან, ამის შესახებ პასუხობს, რომ „ვნახოთ, ვნახოთ, მოგვიანებით იქნება გადაწყვეტილება”.

დღეს ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხელვაჩაურის მერის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.