სინდისის პატიმარი ნინო დათაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს

პუბლიკა

სინდისის პატიმარი ნინო დათაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს, რომელსაც რამდენიმე ადრესატი ჰყავს. 

იგი მიმართავს კიდევ ერთ პოლიტიკურ პატიმარს, თორნიკე თოშხუას, და სთხოვს შეყვიტოს შიმშილობა – “რადგან შიმშილობა ციხეში ორმაგად აზიანებს ჯანმრთელობას”

ნინო დათაშვილი სოლიდარობას უცხადებს ორგანიზაციებს:

“არასამთავრობოებს ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა. თვითონ მიცავს არასამთავრობო ორგანიზაცია PHR, და მათი გაუქმება ნიშნავს დემოკრატიის გაუქმებას საქართველოში”.

დათაშვილი ასევე მიმართავს განაჩენის მოლოდინში მყოფ პოლიტპატიმრებს – “თანამებრძოლებო, თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ – მხოლოდ ქვეყნის გამარჯვებას გისურვებთ. თქვენ უკვე თავისუფლები ხართ – საქართველოს განთავისუფლებას გისურვებთ”. 

იგი მადლობას უხდის არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს  – “იმ სიტყვებისთვის,  რომელიც 28 აგვისტოს, მარიამობის დღეს თქვა”

ნინო დათაშვილი ეხმაურება დღეს დაანონსებულ აქციას – “ყველას დიდი მადლობა ჩემს მიმართ გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის. მინდა გამოვეხმაურო დღეს დაანონსებულ აქციას – “კი, ევროპას” და გთხოვოთ ყველას, ვისაც საქართველო გიყვართ, გამოხვიდეთ”

“ასევე მინდა გაგატანოთ გზავნილი ევროკავშირისთვის, ევროკავშირის საელჩოში” – წერს ნინო.

“ევროკავშირის ოფისს საქართველოში:

მოგესალმებით, მე ვარ ნინო დათაშვილი, პოლიტიკური პატიმარი საქართველოდან. სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ლინგვისტურ კვლევათა თანამშრომელი.

მე კარგად მესმის, რატომ დაუწესეთ საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას 31 აგვიტომდე ვადა, და რატომ არის საფრთხეში ჩვენი ვიზალიბერალიზაცია. მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ნუ წაართმევთ საქართველოს ხალხს ამ მონაპოვარს, რადგან დღეს საქართველოს ხალხი თავგანწირვით იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, 250-ზე მეტი დღეა. 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი კი ციხიდან ვიბრძვით სიმართლის დასამტკიცებლად. ჩვენ არ ვიმსახურებთ ევროპისგან იზოლაციას, უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ევროინტეგრაციის შეჩერებას.

გთხოვთ დაასანქციროთ არა საქართველოს ხალხი და შეუჩეროთ მათ სავიზო რეჟიმი, არამედ დაასანქცირეთ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი. მისი მმართველი პარტია “ქართული ოცნება”. არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები, არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები, პროპაგანდისტები, მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, რომლებიც ჩადიან  უკანონობას. გთხოვთ დაასანქციროთ ისინი ინდივიდუალურად ევროკავშირის ქვეყნებმა, და ნუ წაართმევთ საქართველოს ხალხს ამ დიდ სიკეთეს, რასაც ევროლიბერალიზაცია ჰქვია. 

პატივისცემით მეხუთე დაწესებულების პატიმარი, ნომერი 21 – ნინო დათაშვილი” – წერს იგი.


ნინო დათაშვილს ბრალი სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს – ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.

დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.

ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.

ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.

დათაშვილმა მაშინ თქვა, რომ 112-ში დარეკა და ძალადობის შესახებ შეატყობინა, თუმცა, პოლიცია ადგილზე არ მისულა.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მაშინ დააკავეს, როცა ის ავტობუსის გაჩერებაზე იდგა.

დათაშვილისვე თქმით, დამკავებლებს მისთვის არ უთქვამთ, რა მუხლის საფუძველზე აკავებდნენ, ამასთან, ხელიდან გამოგლიჯეს ტელეფონი და არ მისცეს ახლობელთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალება.