„ძალიან უპასუხისმგებლო იქნებოდა და სინდისთან მწყრალი ვიქნებოდი თუ ფედერაციებზე ვისაუბრებდი ბევრს და ვიტყოდი, რომ ამ მხრივ სამინისტროში ყველაფერი გამართულია“, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, სპორტულ ფედერაციებს წლის ბოლომდე სამინისტრო სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტებს წარუდგენს, რომელსაც თუკი არ გაიზიარებენ, უწყებას მათთან ექნება „დისკუსია დაფინანსებასთან დაკავშირებით“.
„დიახ, ფედერაციები დამოუკიდებლები არიან, დიახ ისინი პასუხისმგებლები არიან შესაბამისი სპორტის სახეობის წარმატებებზე, მაგრამ არცერთ ფედერაციას არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ მათი მთავარი დონორი გახლავთ სახელმწიფო და უნდა არსებობდეს ელემენტარული ანგარიშვალდებულების სისტემა, რომელიც დღეს შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, სამინისტრომ უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს სახელმძღვანელო პრინციპებს სპორტული ფედერაციების წესდებებისთვის და ყველა ის ფედერაცია, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის ამ სტანდარტებს არ გაიზიარებს, ჩვენ მათთან გვექნება დისკუსია დაფინანსებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, წლის ბოლოს ფედერაციებს სამინისტრო წარუდგენს დაფინანსების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულებების გაუმჯობესებულ ტექსტებს „იმისათვის, რომ თანხების ხარჯვა იყოს უფრო გამჭვირვალე“.
„იმისთვის, რომ არ იყოს თუნდაც უსაფუძვლო, მაგრამ გარკვეული ტიპის ეჭვი არამიზნობრივ ხარჯვაზე და ის ფული, რასაც ხარჯავთ თქვენ, ჩვენ, ხალხი, სახელმწიფო და ბიუჯეტი ხმარდებოდეს სპორტსმენს და სპორტს პირველ რიგში. ამისათვის საჭიროა სამინისტროში უფრო მეტი კომპეტენტური კადრი და ჩვენი სამინისტრო დაასაქმებს არა მხოლოდ კომპეტენტურ ადამიანებს, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – შეუვალ ადამიანებს იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთ საჯარო მოხელეები სამინისტროში სპორტის მიმართულებით, რომლებსაც შეუძლიათ მილიონობით თანხებთან მუშაობა სუფთად, პატიოსნად და თუნდაც უსაფუძვლო ეჭვების წამოჭრის გარეშე – ეს გამოწვევაა, ამას გეუბნებით ღიად და ეს არის პროცესი, რომელიც სამინისტროში მიმდინარეობს, ვინაიდან ძალიან უპასუხისმგებლო იქნებოდა და სინდისთან მწყრალი ვიქნებოდი თუ ფედერაციებზე ვისაუბრებდი ბევრს და ვიტყოდი, რომ ამ მხრივ სამინისტროში ყველაფერი გამართულია“, – განაცხადა წულუკიანმა.