The Guardian ახალ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სინგაპურისა და ჩინეთის ქალაქ ტიანძინის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ ასიმპტომატურ (სიმპტომების გამოვლენამდე) პერიოდში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი.
კვლევის მიხედვით, სინგაპურსა და ტიანძინში ინფექციური ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ინფიცირების 2/3 და 1/4 შემთხვევებში ადამიანებს ვირუსი ასიმპტომატურ ეტაპზე მყოფმა პაციენტებმა გადასდეს.
შედეგებმა ინფექციურ დაავადებათა მკვლევრები აღაშფოთა, რადგან ამ ახალი მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ სიმპტომების მქონე ინფიცირებულთა საიზოლაციო ცენტრებში მოთავსება უფრო ნაკლებეფექტიანი იქნება, ვიდრე მეცნიერები აქამდე იმედოვნებდნენ.
„ეს არის მთავარი რამ, რაზეც ვნერვიულობდით ეპიდაფეთქების დაწყების შემდეგ. ნამდვილად არასასურველი იყო მსგავსი შედეგები. სწორედ პროცესის ამ მიმართულებით განვითარება არ გვსურს ყველაზე მეტად”, – განაცხადა ლონდონის იმპერიული კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა დინამიკის პროფესორმა, სტივენ რაილიმ.
ბელგიელმა და ჰოლანდიელმა მკვლევრებმა ახალი კორონავირუსის სერიული ინტერვალის (ვირუსით ადამიანის ინფიცირებიდან, ინფიცირებულის მიერ სხვა პირებზე ვირუსის გადადებამდე პერიოდი) გამოსავლენად სინგაპურისა და ტიანძინის მონაცემები გამოიკვლიეს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დადგინდეს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ვირუსს გავრცელება.
კვლევის მიხედვით, სერიული ინტერვალი სინგაპურის შემთხვევაში 5,2 დღე აღმოჩნდა, ხოლო ტიანძინის – 3,95. მეცნიერები შეეცადნენ, იმავე მონაცემების მიხედვით დაედგინათ, თუ რა პროპორციით ვრცელდება ვირუსი ასიმპტომატურ ეტაპზე მყოფი ინფიცირებული პაციენტებისგან. მონაცემები არც თუ ისე ზუსტ შედეგს იძლევა, თუმცა ყველაზე დაბალი სავარაუდო მაჩვენებლების მიხედვითაც კი ასიმპტომატური გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა.
სინგაპურში ინფექციის 45-84 %-მდე სწორედ საინკუბაციო პერიოდში მყოფი ვირუსის მქონე პაციენტებისგან გავრცელდა. ჩინეთში კი ეს მაჩვენებელი 65-87%-მდე მერყეობს.
მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ტაპივა განიანის აზრით, იმ ადამიანთა იზოლაცია, რომლებსაც სიმპტომები უკვე გამოუვლინდათ, ეპიდაფეთქების შესაჩერებლად არც თუ ეფექტიანი იქნება.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ეს ზომები ვირუსის ეპიდემიის გასაკონტროლებლად საკმარისი აღმოჩნდეს. საჭიროა დამატებითი ზომები, მაგალითად სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა განიანმა.
ედინგურგის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა დინამიკის მკვლევარი როულანდ კაო აცხადებს, რომ სწორედ ვირუსის ასიმპტომატურ ეტაპზე გავრცელება არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ახალი კორონავირუსისა Sars ტიპის კორონავირუსისგან (Sars ტიპის კორონავირუსი ჩინეთში 2003 წელს გავრცელდა);
„ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიას, Sars ტიპის კორონავირუსის ეპიდემიისგან განასხვავებს არის ის, რომ Sars ტიპის ვირუსი მხოლოდ პაციენტებში კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ იყო გადამდები. რაც შეეხება ამჟამინდელ პანდემიას, თავიდანვე სავარაუდო იყო, რომ ვირუსი სწორედ კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ვრცელდებოდა“, – განაცხადა როულანდ კაომ.