„რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან" - კალაძე ევროპელ პარტნიორებზე

პუბლიკა

„რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის?”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მორიგი ანტიდასავლური გზავნილი გააჟღერა.

კალაძე ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც, შესაძლოა, საქართველოს საკითხიც განიხილონ.

„რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები. ვიყავით საბჭოთა კავშირში და არ გვინდოდა, ყველა დაშტამპული სახელმწიფოებივით ვიყავით, ყველას ერთნაირი ხაზი გვქონდა. გვინდოდა, თავისუფლები ვყოფილიყავით და დამოუკიდებლები.

დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი გვინდა. ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ. ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი და ზოგადად, ევროპა საინტერესო. თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? თუ ამ ფორმით უნდა ვიყოთ. წარმოუდგენელია. ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე გამოეხმაურა გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის, ანა ლიურმანის განცხადებასაც და თქვა, რომ ასეთი ტიპის განცხადებებს ჩალის ფასი აქვს და ლიურმანი არის „ჩვეულებრივი კუბილიუსი კაბაში“.

„დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და „ზერო“, ნული, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ”, – თქვა კალაძემ.

გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ანა ლიურმანმა განაცხადა, რომ ისინ მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე, თუმცა „ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას”.