სინოდი მამა ილია ჭიღლაძის განცხადებებზე რეაგირებისთვის ზენონისგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს

პუბლიკა

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა სხდომის განჩინება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ სინოდზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო მამა ილია ჭიღლაძის საჯარო განცხადებები, ასევე, დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში გადასვლის პროცედურა.

სინოდის გადაწყვეტილებით, ამ ორ საკითხზე შემდგომი რეაგირებისთვის სინოდალურმა კომისიამ უნდა მოისმინოს მთავარეპიკოპოსის ზენონის (იარაჯული) პოზიცია.

„სინოდმა მოისმინა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ, რომელიც საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული). ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა.

სინოდმა განაჩინა:

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის”, – ვკითხულობთ განჩინებაში.