სინოდურმა კომისიამ დეკანოზ ჭიღლაძეს მღვდელმოქმედება აუკრძალა - საპატრიარქოს პრესსამსახური

პუბლიკა

საპატრიარქოს სინოდურმა კომისიამ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს ყოველგვარი მღვდელმოქმედება აუკრძალა და მისცა დრო სინანულისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაშია საუბარი.

როგორც ტექსტშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწვეტილება კომისიას 30 ივლისს მიუღია. საფუძვლად ჭიღლაძის მიერ სინოდის წევრებისა და სასულიერო პირებისადმი მასმედიაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, ასევე სინოდურ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა დასახელდა.

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საკითხი წარედგინება სინოდის სხდომას.


საპატრიარქო წერს, რომ 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო დეკანოზ ილია (ირაკლი) ჭიღლაძის მიერ სინოდისა და ცალკეული სასულიერო პირების მიმართ მასმედიის საშუალებით პერმანენტულად გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელთა შესწავლა დაევალა სინოდურ კომისიას.

ამის შემდგომ 3 მარტს – სინოდალურმა კომისიამ მოისმინა მთავარეპისკოპოს ზენონის პოზიცია დეკანოზ ილია ჭიღლაძის ქმედებებთან დაკავშირებით. შემდეგ კი კომისიამ მთავარეპისკოპოს ზენონს მიმართა თხოვნით, ახსნა-განმარტებისათვის გონივრულ ვადაში უზრუნველეყო დეკანოზ ილია ჭიღლაძის გამოცხადება საქართველოს საპატრიარქოში სინოდური კომისიის წინაშე.

საპატრიარქო წერს, რომ ზენონმა მათ განუცხადა: ,,მიზანშეწონილი იქნებოდა სინოდური კომისია დაუკავშირდეს უშუალოდ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს და პირადად აცნობოს გამოძახებისა თუ სხვა ღონისძიებათა შესახებ“.

განცხადების მიხედვით, ამის შემდგომ კომისიამ უშუალოდ მიმართა დეკანოზ ილია ჭიღლაძეს, ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო სინოდურ კომისიაზე,

„თუმცაღა, დეკანოზი ილია ჭიღლაძე არ გამოცხადდა მითითებულ ვადებში საქართველოს საპატრიარქოს სინოდურ კომისიაზე და არც რაიმე სახის განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიაქრო ასევე წერს, რომ ჭიღლაძის მხრიდან ზემოთ აღნიშნული ქმედებები 11 თებერვლის სინოდური განჩინების, ასევე 3 მარტისა და 25 ივნისის სინოდური კომისიის განჩინებების შემდეგაც არ შეწყვეტილა.