ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
თამარ გაბუნია ამბობს, რომ „სინოფარმზე“ გამოყოფილი ადგილები რაც იყო, შევსებულია, მაგრამ მომდევნო დღეებში დაემატება დაწესებულებები, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინით აცრა.
„იმ ადგილების რაოდენობა, რომელიც იყო გამოყოფილი, განსაკუთრებით თბილისში, შეივსო „სინოფარმზე“. ჩვენ ამ კვირაში, ძალიან მალე, დღეს ან ხვალ ვიმსჯელებთ და კიდევ დავამატებთ დამატებით დაწესებულებებს. „სინოფარმი“ შესაძლებელია პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია და, პრაქტიკულად, არ არის ანაფილაქსიასთან დაკავშირებული რისკი გამოხატული, ამდენად ამბულატორიულ ქსელში „სინოფარმის“ გაკეთება უსაფრთხოდაა შესაძლებელი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
Sinopharm-ით ვაქცინაცია საქართველოში დღეიდან, 4 მაისიდან დაიწყო.
ქვეყანამ „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შეისყიდა.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეს შეუძლია ეწვიოს booking.moh.gov.ge ან დარეკოს ნომერზე 1522.
ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი ხელმისაწვდომია „სინოფარმის“ ვაქცინა.
„სინოფარმს“ ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია. მიიღებს თუ არა ვაქცინა ავტორიზაციას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკითხზე 29 აპრილს იმსჯელა და დასკვნა მიმდინარე კვირას გასაჯაროვდება.