„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მილიონ ვაქცინაზე გავაფორმეთ უკვე კონტრაქტი „ფაიზერთან“ და ივლისიდან დაიწყება მოწოდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს ეხებოდა.
მისივე თქმით, ასევე, „სინოვაკის“ ვაქცინა, მილიონი დოზა, ჩამოვა თვის ბოლოს.
„მინდა, რომ ვაქცინებზე დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. კომპანია „ფაიზერთან“ ჩვენ გვქონდა პირდაპირი მოლაპარაკება, არა COVAX პლატფორმით, არამედ პირდაპირი, უშუალოდ მეც ვიყავი ჩართული, აქტიურად გვეხმარებოდა ჯანმოს გენერალური დირექტორიც. მე პირადად ვიყავი გასული კონტაქტზე „ფაიზერის“ პრეზიდენტთან, არაერთი საუბარი მქონდა მასთან და ბუნებრივია, ჯანდაცვის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული.
ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მილიონ ვაქცინაზე გავაფორმეთ უკვე კონტრაქტი „ფაიზერთან“ და ივლისიდან დაიწყება მოწოდება. „სინოვაკის“ ვაქცინა, მილიონი დოზა, ჩამოვა თვის ბოლოს, 5 დღეში. ნახევარი მილიონი – „სონოფარმი“ და კიდევ ნახევარ მილიონს ვუკვეთავთ, ჯამში კიდევ მილიონი „სინოფარმი“. ეს მოხდება ივლის-აგვისტოში. 3 მილიონი. ამის გარდა, COVAX პლატფორმიდან ჩვენ ველოდებით დამატებით 700 000 დოზას, უფრო წლის ბოლოს, ალბათ მე-4 კვარტალში, „ნოვოვაქსის“ ვაქცინებს, ასევე „ასტრაზენეკას“ დამატებით დოზებს. ჯამში, დაახლოებით, 4 მლნ. ვაქცინა გვექნება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი მოსახლეობის 60% იყოს სრულად აცრილი, წლის ბოლომდე“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ამჟამად უკვე შექმნილია 350 ბრიგადა, ექიმებისგან დაკომპლექტებული, რომელიც ატარებს ვაქცინაციას.