ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოვაკზე“ რეგისტრაცია კვირის ბოლომდე დაიწყება და მომავალი კვირიდან დაინტერესებული მოქალაქეები „სინოვაკის“ ვაქცინის მიღებას შეძლებენ.
„სინოვაკი“ ქვეყანამ მიიღო 100 ათასი დოზის ოდენობით. ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას, ჯანმოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რადგან ამ ეტაპზე არსებობს ჯანმოს ექსპერტების სტრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა. შუალედური დასკვნის შედეგები „სინოვაკისთვის“ არის ძალიან კარგი და ისიც ცნობილია, რომ ევროპის მარეგულირებელმაც დაიწყო „სინოვაკის“ შესწავლა იმისთვის, რომ განიხილოს მისი აკრედიტაციის საკითხი.
ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და უკვე მომდევნო კვირიდან ექნებათ „სინოვაკის“ მიღების შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებს. 20-ზე მეტ ქვეყანაში არის „სინოვაკი“ ავტორიზებული და ათობით მილიონი ადამიანია უკვე აცრილი, მათ შორის, აზერბაიჯანსა და თურქეთში“, – განაცხადა გაბუნიამ.