საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე ამტკიცებს, რომ რუსთაველზე აქციამ დასაწყისისთანავე ძალადობრივი სახე მიიღო, რის გამოც მათ „პროპორციული ძალა“ გამოიყენეს.
„დღევანდელი აქცია, როგორც დავინახეთ, დასაწყისისთანავე დაიწყო იკვე ძალადობრივად, სანამ შეიკრიბებოდა ხალხის დიდი რაოდენობა, 400-კაციანმა ჯგუფებმა დაიწყეს სხვადასხვა საგნის, პიროტექნიკის სროლა, ძალადობრივი ქმედებები, პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფა, რის გამოც, იძულებული გავხდით, გამოგვეყენებინა პროპორციული ძალა“, – თქვა მან.
საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის მანქანებით და ცრემლმდენი გაზით რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა რამდენიმე წუთია დაიწყო. ძალადობრივად დააკავეს აქციის მონაწილეები.
დარბევის დაწყებისას რუსთაველზე ათასობით ადამიანი იდგა, რომლებიც ტერიტორიის დატოვებას მიმდებარე ქუჩებით ცდილობენ.
„პუბლიკის“ რეპორტიორები იტყობინებიან, რომ ხალხში პანიკაა.
აღსანიშნავია, რომ შსს-მ პარლამენტის შენობიდან წყლის ჭავლის გამოყენება აქციის დაწყებიდან მალევე დაიწყო.