„სირცხვილია" 20 ივნისს 17 სთ-იდან რუსთაველზე აქციისთვის სამანქანო მოძრაობის შეზღუდვას ითხოვს

პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გავრილოვის ღამის ერთი წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას ეხმაურება.

მოძრაობაში ამბობენ, რომ აქციის გამართვას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით გეგმავენ. მათი თქმით, აქცია 19 საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, 5 საათიდან საჭიროა სამანქანო მოძრაობის შეზღუდვა. მოძრაობა მერიასა და შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.

„იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირი წინასწარ მოვამზადოთ შეკრებისთვის, უზრუნველვყოთ უსაფრთხოების ნორმები და გავაკეთოთ დისტანცირებისთვის საჭირო ნიშნულები, ტერიტორია მოვაწყოთ აუცილებელი ინვენტარით და გავმართოთ ხმის სისტემა, საჭიროა სამანქანო მოძრაობა შეიზღუდოს 17:00 საათიდან.

გზის გადაკეტვის წინასწარი საჭიროების გამო, ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისის მერიას განცხადებით, გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესი და ხელი შეუწყონ მოქალაქეების უფლებების – შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობა „სირცხვილია“ მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს (თბილისის მერიას, შსს-ს), უზრუნველყონ სამანქანო მოძრაობის შეზღუდვა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს, 17:00 საათიდან, რაც, მათი თქმით, საშუალებას მისცემთ, დაგეგმილი აქცია ჯანმოს ყველა რეკომენდაციის დაცვით გამართონ.

„ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვთ, გაუწიოს მეთვალყურეობა აღნიშნულ პროცესს და მოუწოდოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ამბობენ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები.


2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.