„სირცხვილია" — ევროპელი პოლიტიკოსები ელჩ ჰერჩინსკის აკრიტიკებენ

პუბლიკა

ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ.

9 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

უწყებაში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტოები თავად საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს.

ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობას და ევროკავშირის მხარესთან ამ მიმართულებით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების საჭიროებას”. – წერია სამინისტროს განცხადებაში.

მასში ასევე მითითებულია, რომ, თავის მხრივ, ელჩმა გამოხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჰერჩინსკის ამ ჟესტს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების, ასევე, „ქართული ოცნების” მიერ შეჩერებული ევროინტეგრაციის და საპროტესტო აქციების ფონზე, რომლის ჩასახშობადაც „ოცნება“ სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდს იყენებს, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

„ერთ დღეს დაგმეს მოპარული არჩევნები საქართველოში, მეორე დღეს ჩამოართვა ხელი რეჟიმს. ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა არ არის მხოლოდ ჟესტი – ეს არის კრემლის „ქართული ოცნების“ სამაშველო რგოლი. რამდენჯერ მიანიჭებს ევროკავშირი სანდოობას მათ პროპაგანდას? მიუღებელია“. – განაცხადა ლატვიელმა დეპუტატმა, რუჰარდს კოლსმა.

„სირცხვილია. პაველ ჰერჩინსკი, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“, – დაწერა ლიეტუვის სეიმის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა.

„სირცხვილია, ევროკავშირო, გაიღვიძე“, – დაწერა ესტონელმა დეპუტატმა მარკო მიკჰელსონმა.

თავად ევროკავშირის წარმომადგენლობას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

ხოლო „ოცნების” წევრმა, თეა წულუკიანმა „ფეისბუქზე” ჰერჩინსკის მიმართა:

„ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ”.