მთავრობის კანცელარიასთან აქციის 7 მონაწილე დააკავეს.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ინფორმაციით, პოლიციამ საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა მოძრაობის 4 წევრი: გიორგი მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი.
მათივე ცნობით, ასევე დააკავეს გვანცა პერტია, ნატა ფერაძე და ბაჩი ვალიშვილი, კულა ლომიძე.
„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა დაკავებულებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით, სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას აზუსტებენ.
„არა რუსეთს!“ – უკრაინის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან დაიწყო.
აქციას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს:
– დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან
– აიკრძალოს რუსული მედია საშუალებები
– დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს, სადაც პროტესტის ნიშნად შენობის მიმართულებით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს.
„ძალიან ცუდი სუნი გამოდის ამ შენობიდან, ამ სიშორეზე უკრაინაშია ომი და ისეთი სუნი დადგა კანცელარიაში, რომ უბრალოდ სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ ტუალეტის ქაღალდი მოგვეტანა, რომ თვითონაც იგრძნონ რომ ძალიან უხერხულია ამ სუნში ცხორება. ძალიან მშვიდობიანი პერფორმანსი იყო, მაქსიმუმ დანაგვიანებისთვის დაგვაჯარიმონ. სხვანაირად ვეღარც ვხვდებით როგორ ჩამოვირეცხოთ ის სირცხვილი, რომელიც ჩვენს დებთან და ძმებთან გვაქვს უკრაინაში“,- ასე განმარტა პერფორმანსის მიზანი აქციის მონაწილემ გიგა მაქარაშვილმა.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა სწორედ ტუალეტის ქაღალდების სროლას მოჰყვა.
როგორც „ფორმულას“ ეთერში, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა კითხვაზე პასუხად, თუ რატომ დააკავეს აქციის მონაწილეები, განაცხადა, რომ მათ საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს, „ესროლეს ტუალეტის ქაღალდები. პოლიციას მიაყენეს შეურაცხყოფა.“