სირცხვილია, რომ 1 ქალ კანდიდატზე ისინი საუბრობენ, ვინც კვოტირებას მხარი არ დაუჭირა - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის გენდერული ბალანსის არარსებობის შესახებ გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.

„თქვენ ნახავთ, რომ ახალ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა იქნება მეტი და უფრო მეტად გარანტირებული, ვიდრე ეს იყო ნებისმიერ წინა პარლამენტში. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავრობაში თითქმის 50-50-ზეა გენდერული ბალანსი. ორივე ვიცე პრემიერი არის ქალი და საქართველოს პრეზიდენტი პირველად ისტორიაში და ეს იყო ჩვენ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი, არის ქალი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში წინა მთავრობებთან შედარებით ყველაზე მეტი რამ გაკეთდა ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

„თუ რამე გაკეთდა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში, 20 წელი რომ ავიღოთ, გაკეთდა ძირითადად ბოლო 8 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ პოლიციაში დავასაქმეთ მეტი ქალი, ბიზნესში დღეს არის მეტი ქალი, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანონები, რომლებიც ქალთა მიმართ დისკრიმინაციას ხელს უშლის. სხვათაშორის, უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ამაზე შენიშვნებს გამოთქვამენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს კვოტების შესახებ ინიციატივას პარლამენტში. ეს გავაკეთეთ ჩვენ, ისტორიაში პირველად”, – განაცხადა თალაკვაძემ.


„ქართულმა ოცნებამ” დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. „ოცნების” მიერ წარდგენილი 30 კანდიდატიდან ქალი მხოლოდ ერთია – ნინო ლაცაბიძე.

მისი კანდიდატურა რუსთავის მუნიციპალიტეტს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულებს წარმოადგენს.