მოძრაობა „სირცხვილია“ რუსული კანონის შედეგად შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ დარეგისტრირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობენ.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, რუსული კანონის დაუმორჩილებლობისთვის დაწესებული ჯარიმები მათ გაკოტრებამდე მიიყვანს და „სირცხვილია“ ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და ეს არის სწორედ ის, რაც ხელისუფლებას უნდა.
როგორც „სირცხვილიას” დირექტორი, გიორგი მჟავანაძე განმარტავს, ორგანიზაციას აქამდეც ეძახდნენ სხვადასხვა ეპითეტს და ამის ფორმალურად გაფორმებას „დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან თუკი რამე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა ამ იარლიყებს, უკვე მოიტანა”.
„ჩვენ ვიყავით პირველი მაგალითი, ვისაც ახსენებდნენ, თუ ვის შეეხებოდა რუსული კანონი. არაერთხელ დაუძახიათ ჩვენთვის აგენტი, ანტი-ტრადიციონალისტები და სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები.
ჩემთვის, როგორც აქტივისტისთვის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ თუკი რამე ზიანი შეიძლებოდა მოეტანა იარლიყების მიწებებას, ის ზიანი უკვე მოტანილია და ვისაც შეიძლებოდა დაეჯერებინა, რომ მე, ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ატარებენ და არა საქართველოსას, ისინი ამას უკვე დაიჯერებდნენ, რადგან 5 წელია ეს პროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს.
კანონის ახალი რედაქციით, აგენტის სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ, თვითონ რეგისტრაცია ან არ-რეგისტრაცია, მაინცდამაინც იმას არ განაპირობებს, აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ეს ისევ დამოკიდებულია ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ გაივლის კანონით რეგისტრაციას და ვინ უარს იტყვის მასზე, ისედაც აქამდე ხელისუფლებისთვის იყო ყველა აგენტი და ასე იქნება შემდეგშიც”, – ნათქვამია საერთო ვიდეომიმართვაში.
მათი განცხადებით, „ცუდი ვარიანტებიდან ვეცადეთ, აგვერჩია შედარებით ნაკლებად ცუდი ვარიანტი საქმისთვის“. როგორც ამბობენ, მთავარი ამოცანაა მოახლოებულ არჩევნებს მზად შეხვდნენ და „შეინარჩუნონ ორგანიზაცია”.
„სირცხვილიას” ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილმა ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა.
მოაგვიანებით, ფაქტს გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, „ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია”.
„ფაშისტური ბულინგი ნებისმიერის მიმართ მიუღებელია! ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან”.
„სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!”, – დაწერა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.