პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტენსილებს აკეთებენ, წარწერებით – „რუსეთი ოკუპანტია“, „სისტემა ყარს“.
„ვაპროტესტებთ ირაკლი ღარიბაშვილის, ამ კომიკური ფიგურის გაპრემიერებას. მოვიტანეთ ნიახური, ერთ-ერთი მწვანილი, რომელიც მეორედ მოდის. ეს კარგი პარალელია ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ კარიერასთან შესადარებლად… ამით გვინდოდა შეგვეხსნებინა მისთვის, რომ რეალურად ის არაფერს წარმოადგენს. ის არის ერთ-ერთი რიგითი მონა, რომელიც აღზევდება პრემიერ-მინისტრის რანგში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე დეპუტატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ფრაქციის ფორმატში პრემიერობის კანდიდატის მოსმენის შემდეგ პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვისაც საჭიროა, სულ მცირე, 76 ხმა.