„სირცხვილიას“ აქტივისტები გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში მივიდნენ | გიორგი მჟავანაძის საქმე

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები გლდანი-ნაძალადევის რაიონული პოლიციის იმ განყოფილებაში მივიდნენ, რომელშიც მოძრაობის დირექტორის, გიორგი მჟავანაძის თქმით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქტივისტები პოლიციის მე-9 განყოფილებაში არიან და ამბობენ, რომ ისინი ამ ფორმით პოლიციის მხრიდან ჩადენილ ძალადობას აპროტესტებენ და სამმართველოს უფროსთან შეხვედრას მოითხოვენ.

„მე ვითხოვ მათ ხელმძღვანელთან შეხვედრას, რადგან ერთი კვირაა უკვე გახმაურდა ჩემზე განხორციელებული ძალადობის შესახებ და ამის შესახებ არანაირი ზომა არ მიუღია ამ განყოფილების უშუალო ხელმძღვანელს, დავით წაქაძეს”, – განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.

მისი თქმით, პოლიციას არ უნდა ამ საქმის გამოძიება და ყველანაირად აჭიანურებს მას.


მოძრაობა „სირცხვილიას“ დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ 17 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა სცემეს. მან სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად აღწერს განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებს.