„სირცხვილიას“ აქტივისტი ნოდარ რუხაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

აქტივისტი, მოძრაობა „სირცხვლიას“ წევრი ნოდარ რუხაძე წერს, რომ 2000 ლარით დააჯარიმეს.

„ჩემი დაკავების ოქმი: ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს ეძახა მონა. პოლიციალამ პროცესზე ჩემი პატიმრობა მოითხოვა, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევაო. შედეგი: ჯარიმა 2000 ლარი, “- წერს ნოდარ რუხაძე.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. აქტივისტებმა შენობის წინ კარვებიც გაშალეს. აქციის მონაწილეები და ოპოზოციის ლიდერების მოთხოვნაა, ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.


მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობასთან დააკვეს.

„ნოდარ რუხაძე უკანონოდ დააკავეს პარლამენტის შენობასთან, მაშინ როდესაც ხმამაღლა აკრიტიკებდა საქართველოს ახალ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელს. ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან ერთი დღის შემდეგ პოლიცია უკვე იტაცებს აქტივისტებს „მონა“ შეძახილების გამო“, – დაწერა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა Twitter-ზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ რუხაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დღეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.